5 რჩევა მათთვის, ვისაც საკუთარი ძალებით სურს შექმნას ბინის ინტერიერის დიზაინი


22 Apr
22Apr

თქვენ უკვე დიდი ხანია ოცნებობთ კომფორტულ, გარემონტებულ ბინაზე, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ, თან ბიუჯეტი შეზღუდული გაქვთ და არც გამოცდილება გყოფნით რემონტის კეთების კუთხით.

პირველი, რასაც რემონტის დაწყებამდე აკეთებენ საქართველოში, ეს იმ ნაცნობ-მეგობრებისაგან რჩევების აღებაა, რომლებმაც უკვე გააკეთეს რემონტი.

მეორე - მონახვა და ფასების შეთანხმებაა სხვადასხვა პროფილის ხელოსნებთან და საქმის მწარმოებელთან, რომლებიც ასევე აქტიურ რჩევებს გაძლევენ დიზაინის მიმართულებით, და თქვენც, რატომღაც, მათი გავლენის ქვეშ ექცევით.

მესამე - ინტერნეტში იწყებთ ძებნას ლამაზი ინტერიერის სურათების და იმ თემების კითხვას, რომლებიც ხშირად გაბნევენ, რადგან იმდენად მრავალფეროვანია, რომ გიჭირთ გაერკვეთ, თუ ვის დაუჯეროთ და რა აირჩიოთ.

მეოთხე - თქვენ ეძებთ ნაცნობ დიზაინერს, ან არქიტექტორს და სთხოვთ ნაწილობრივ კონსულტაცია გაგიწიოთ... 

სამწუხაროდ, სრულფასოვანი შედეგი არც ამას მოაქვს, რადგანაც ასეთი საქმეები ნაჩქარევად არ კეთდება. და ბოლოს, რამდენიმე თვიანი მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ, თქვენ თავს უკვე დიზაინერად თვლით, მით უმეტეს, რომ საკუთარ გემოვნებაში ეჭვი ნაკლებად თუ ვინმეს ეპარება და იწყებთ არც თუ ისე იოლ საქმეს.

რამდენიმე თვიანი სანერვიულო და დამღლელი სარემონტო პროცესის შემდეგ, რემონტიც მთავრდება, ავეჯსა და ნივთებსაც ალაგებთ, ბიუჯეტშიც „ჩაეტიეთ“, გადაიღალეთ, გინდათ შედეგით იამაყოთ, მაგრამ გეუფლებათ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა... ხვდებით, რომ ეს არ არის ის, რაზეც ოცნებობდით. თუმცა რაღაც მოგწონთ, რაღაცას კი აუცილებლად შეცვლიდით ადრე რომ გეფიქრათ, ან არ დაგეჯერებინათ სხვისთვის... მაგრამ რაიმეს შეცვლა უკვე გვიანაა, რადგან იცით, რომ პატარა გამონგრევაც კი გარემონტებულ სახლში საშინელ მტვერს და დაბინძურებას გამოიწვევს. მაშინ სხვა არაფერი დაგრჩენიათ გარდა იმისა, რომ შეეგუოთ და თქვათ - იმას ხომ სჯობს, რაც აქამდე იყოო. გული არ გაიტეხოთ, ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია!

ამ ბლოგში არ დავიწყებ მიზეზების ჩამოთვლას, თუ რატომ ხდება ჩვენთან ასე. ჩემი მიზანია დაგიცვათ შეცდომებისგან და დაგაყენოთ სწორ გზაზე. გახსოვდეთ,  რემონტის რთულ პროცესს წინ უძღვის მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც დიზაინ-პროექტით უნდა დაიწყოთ.


5 რჩევა მათთვის ვისაც საკუთარი ძალებით სურს შექმნას ბინის ინტერიერის დიზაინი:

1. გამოყავით დრო დაფიქრებისა და ანალიზისთვის.

ნებისმიერი ქმედება თქვენი აზროვნებიდან იწყება.  გონებაში რაღაც სურვილები ფრაგმენტულად წარმოჩინდება.  ამ სურვილებს დალაგება და გათვიცნობიერება სჭირდება. დაფიქრდით, თუ რამდენად შეეფერება თქვენი სურვილები საცხოვრებლის მასშტაბებს და ტექნიკურ მხარეს. გახსოვდეთ ბინა, რომელშიც აპირებთ რემონტს, მხოლოდ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების კომფორტს უნდა ემსახურებოდეს. სხვისი ინტერიერი, რაც არ უნდა ლამაზი იყოს, თქვენ არ გამოგადგებათ. საცხოვრებლის სილამაზე მის ინდივიდუალობაშია.

გაითვიცნობიერეთ თქვენი დღის რეჟიმი და ჰობი, ასევე საცხოვრებლის საინჟინრო კომუნიკაციების განთავსება, გათბობა-კონდიცირების ელემენტების ადგილი და მხოლოდ ამის მიხედვით მოახდინეთ ბინის ზონირება, გამოყავით: სასადილო, სამუშაო, საძინებელი, სავარჯიშო, ბავშვის სათამაშო, TV-ის, და სხვა ზონები, იმისდა მიხედვით, თუ თქვენ რომელი გესაჭიროებათ.

2. საცხოვრებელუ ფუნქციონალური უნდა იყოს.

გახსოვდეთ, იმისათვის, რომ საცხოვრებელი კომფორტული იყოს, აუცილებელია, რომ ის პირველ რიგში იყოს ფუნქციონალური, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთახების, დამხმარე სათავსების, ასევე ზონების  ურთიერთკავშირი მოხერხებულად იყოს გათვლილი. იმისათვის, რომ ეს შეძლოთ, ჩემი რჩევაა წარმოიდგინოთ ინტერიერის შესაძლო ვარიანტი, შემდეგ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, გაითვიცნობიეროთ თუ რამდენად მოსახერხებელი იქნება თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისათვის მოფიქრებული ვარიანტი. რამდენიმე ვარიანტის შეჯერების შემდეგ კი, თქვენ მიხვალთ სასურველ შედეგამდე.

ბევრი ისეთი ინტერიერი მინახია , სადაც სილამაზე ხელოვნურადაა შექმნილი, მაგრამ საცხოვრებლად სრულიად მოუხერხებელია. ასეთ ბინებში ადამიანები დიდხანს საცხოვრებლად ვერ ძლებენ. როდესაც ფუნქციონალური ზონირება და ბინის ტექნიკური მხარე  გადაწყვეტილი გექნებათ, მხოლოდ მას შემდეგ მიხედეთ მის ესთეტიკურ მხარეს.

3. დაახარისხეთ თქვენი ნივთები.

დაკვირვებით გადახედეთ თქვენს ამჟამინდელ საცხოვრებელს, ავეჯს, ჭურჭელს, წიგნებს, გარდერობებს. დაახარისხეთ, რისგან გათავისუფლდებოდით და რას დაიტოვებდით.  გახსოვდეთ, „მცირე ნიშნავს ბევრს“ ეს ცნობილი არქიტექტორის მის ვან დერ როეს სიტყვებია. ავეჯი, ნივთები, რომლებიც აღარ გჭირდებათ, შეგიძლიათ საიტების მეშვეობით გაყიდოთ,  ან სულაც გააჩუქოთ... ქველმოქმედება ბრწყინვალე საქმიანობაა. დარჩენილ ნივთებს კი გადახედეთ და თითოეულ მათგანს თქვენს წარმოსახვაში კომფორტულად მოსახმარებელი ადგილი  მიუჩინეთ.

მერწმუნეთ ეს არ არის ადვილი საქმე, მაგრამ რაც უფრო შორს გათვლით, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ.

4. კარადები, საცხოვრებლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია.

ოჯახის თითოეულ წევრს საკუთარი კარადა უნდა ჰქონდეს. ასევე აუცილებელია კარადები საერთო მოხმარების ნივთებისთვის. თვითონ კარადის ზომა, ადგილი, თაროების დანაწევრება, ყველაფერი დაწვრილებით უნდა იქნეს გააზრებული. მომავალში ეს დიდ კომფორტს შეგიქმნით - აღარასოდეს დაგჭირდებათ რაიმეს ძებნა, რადგან ყველაფერს თავისი ადგილი ექნება. წესრიგი ჰარმონიის უმთავრესი პირობაა!

5. მთავარია ის სტილი მონახოთ, რომელიც თქვენი ბინის საერთო კონტექტს შეჰფერის.    

და, ბოლოს, სილამაზე, რომელიც ყველას ასე გვესაჭიროება! აქ მრავალი რჩევის მოცემაა შესაძლებელი. მე მხოლოდ უმთავრეს გეტყვით. სილამაზის შექმნისათვის მთავარია ჰარმონია, ანუ შესაფერისობა, შეთანხმებულობა, რომელიც სულაც არ გამორიცხავს კონტრასტს. თუ სრულიად განსხვავებული ნივთები გაქვთ, მაშინ დააჯგუფეთ სტილის მიხედვით და სწორი ადგილი მოუნახეთ. ეკლექტიკური სტილი აქტუალურია, თუმცა მისი შექმნა მეტ გამოცდილებას მოითხოვს.

დასკვნა:

ეს რჩევები განკუთვნილია მათთვის, ვისაც ეკონომ-კლასის, დაბალბიუჯეტიანი რემონტი ესაჭიროება და საკუთარი გემოვნებით უნდა გააკეთოს საცხოვრებლის დიზაინი. სხვა შემთხვევაში, თუ ძვირფასი ინტერიერი გნებავთ, რაც არ უნდა მაღალი გემოვნების იყოთ, გესაჭიროებათ ინტერიერის დიზაინერის მომსახურება. თუმცა, ფიქრი და სურვილების მკაფიოდ გათვიცნობიერება მაინც დაგჭირდებათ. თუ როგორ უნდა აირჩიოთ დიზაინერი, ამის შესახებ შემდეგ ბლოგში ვისაუბრებ.

გახსოვდეთ, შეუძლებელი არაფერია, თქვენ შეძლებთ შეიქმნათ კომფორტული, ლამაზი საცხოვრებელი, თუ კარგად დაფიქრდებით, გაითვალისწინებთ იმ რჩევებს, რომელიც ამ ბლოგით გადმოგეცით.

ჩვენი მხრიდან კი შეგვიძლია შემოგთავაზოთ დახმარება - კონსულტაციები. ის რაც თქვენ  რთულად გეჩვენებათ, პროფესიონალებისთვის სასიამოვნო პროცესია.

ავტორი: არქიტექტორი - ქეთევან სოლომონიშვილი.