როგორ შევარჩიოთ არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი


29 Apr
29Apr

ავტორი - ქეთევან სოლომონიშვილი

პოსტსაბჭოთა სივრცეში კითხვა, თუ როგორ უნდა შეგვერჩია არქიტექტორი საპროექტო სამუშაოებისათვის, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან იყო აქტუალური. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ სულ სხვა მოთხოვნები გააჩინა სხვადასხვა სფეროში. გამონაკლისი არც კადრების, სპეციალისტების მოძიების სფერო ყოფილა.

არქიტექტორთა უფროსი თაობა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ძირითადად ნორმებს მორგებული, ტიპიური შენობების დაპროექტებით იყო დაკავებული, ახალი დროის მოთხოვნებს სრულად ვერ პასუხობდა. ამავდროულად მოდიოდა ახალი თაობა, რომელიც უფროსებზე უკეთ ითვისებდა პროექტირების ახალ ტექნოლოგიებს - კომპიუტერულ პროგრამებს, რომლითაც პროექტირების სისწრაფე მრავალჯერ ჩქარდებოდა. ორივე თაობას თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები ჰქონდა. 

90-იან წლებში არქიტექტორთა და დიზაინერთა შერჩევის შესახებ მრავალი სტატიები იწერებოდა გლამურულ, თუ სპეციალიზირებულ ჟურნალებში რუსეთსა და იმ პოსტ საბჭოთა ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა. ამ პერიოდში გაჩნდა ახალი მდიდართა ფენა, რის გამოც ბუნებრივად წარმოიშვა მოთხოვნა ელიტურ, მაღალ ბიუჯეტიან კერძო სახლებსა და ელიტურ დასახლებულ პუნქტებზე.

ასეთ ქვეყნებში მოთხოვნის სწრაფ გაზრდასთან ერთად თავისთავად მაღალმოთხოვნადი გახდნენ კვალიფიციური ნიჭიერი არქიტექტორები, რომლებიც თანაბრად ფლობდნენ, როგორც მშენებლობის, ასევე პროექტირების ახალ ტექნოლოგიებს. მდიდართაგან ბევრნი ხშირად უცხოელ ცნობილ არქიტექტორულ ბიუროებსაც უკვეთავდა საკუთარ მდიდრულ საცხოვრებელს. 

პროფესიონალ არქიტექტორთა დეფიციტი ბუნებრივი მოვლენა იყო პოსტ საბჭოთა სივრცეში, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა სისტემას მორგებულმა განათლების სისტემამ ვერ მოასწრო კადრების გადამზადება ახალ მოთხოვნებთან შესატყვისად. ასე რომ, არქიტექტორთა ჩამოყალიბება დროის შესატყვის პროფესიონალად, გარდაქმნის ეპოქაში, მთლიანად დაეფუძნა თვითგანათლების მიღების უნარს და რა თქმა უნდა, იღბალს, რომელსაც „კარგი“, დამკვეთი ერქვა. ასე დაგროვილი გამოცდილების შემდეგ, უკვე დროს მორგებული პროფესიონალთა თაობაც ჩამოყალიბდა.

საბჭოთა კავშირის დაშლიდან უკვე 30 წელზე მეტი გავიდა... და რა თქმა უნდა, ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, როგორც პროექტირების, ასევე მშენებლობის კუთხით. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს, რადგან ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად, ცხოვრების მრავალი სფეროც სწრაფად იცვლება. არქიტექტორები, ისევე როგორც სხვა სპეციალისტები, მუდმივად სწავლის, ძიებისა და ინოვაციების ათვისების პროცესში არიან. თუმცა კითხვა, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ არქიტექტორი, დიზაინერი, ისევ აქტუალურად რჩება. 

არქიტექტორის და დიზაინერის შეფასების ისეთი კრიტერიუმები კი, რომელსაც ნიჭიერება და გამოცდილება ჰქვია, ყველა დროში, წარსულსა და აწმყოშიც უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს მახასიათებლებად ითვლება სპეციალისტების შერჩევის დროს. ამ ორ მახასიათებელთან ერთად უმნიშვნელოვანესია პროფესიონალის ანალიტიკური უნარი - კლიენტის მოთხოვნის შეფასება, მოთხოვნების დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლინება.

საქართველოში კი არქიტექტორის შერჩევის საკითხი ძირეულად განსხვავდება სხვა ქვეყნებისაგან, რადგანაც როგორც სხვა დანარჩენ სფეროებში, აქაც თავს იჩენს ქართული მენტალობა და სიღრმისეულად, ისტორიულად ჩამოყალიბებული ნაცნობ-მეგობრების ინსტიტუტი.

არის მეორე ფაქტორიც, რომელიც ასევე დამახასიათებელია ქართული რეალობისთვის - მოთხოვნა იაფ მომსახურებაზე. თუ სხვა ქვეყნებში ინდივიდუალური, ელიტური მშენებლობა მდიდართა პრეროგატივად ითვლება, თავისთავად დამკვეთიც მზად არის შესაფერისი თანხა (დაახლოებით მშენებლობის 10%) გამოყოს საპროექტო სამუშაოებისათვის. საქართველოში კი, მდიდარი ისევე ეძებს იაფფასიან მომსახურებას, როგორც მცირე ბიუჯეტის მქონე დამკვეთი. ამას მივყავართ საპროექტო ღირებულების იმ დონემდე გაუფასურებასთან, რომ პროფესიონალს აღარ უღირს ამ სფეროში მოღვაწეობა, რადგან დაბალ, „ბაზრის შესატყვის ფასში“, პროექტის გაკეთება ნიშნავს წამგებიანობას.

არის კიდევ ერთი ძირეული ხელის შემშლელი ფაქტორი - გართულებული და გაჭიანურებული პროექტის შეთანხმების პროცედურა, რომელიც შეუძლებელს ხდის პროექტირების ვადების დადგენას, რის გამოც ხშირად საპროექტო სამუშაო იწელება ისეთი დროით, რომ არქიტექტორთა დროში გათვლილი ანაზღაურება „მუშის“ დღიურ ხელფასსაც ვერ უტოლდება. ეს სავალალო მდგომარეობა აისახება პროექტირების ხარისხზე, რაც თვალნათლივ ასახულია თბილისის არქიტექტურასა და საერთოდ მთელი საქართველოს ახალ მშენებლობაზე. ამ გარემოებას კი მთლიანად საქართველოში მაცხოვრებელი მოსახლეობა მიჰყავს ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის გაუარესებისაკენ, რასაც ჯანდაცვის სფეროს სტატისტიკაც ადასტურებს.

და მაინც რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს?

პირველ რიგში, აუცილებელია კანონით დარეგულირდეს საპროექტო სამუშაოების ნორმატიული ღირებულება, ისე როგორც ეს სხვა ქვეყნებშია (მხოლოდ საქართველოში არ არსებობს ასეთი ნორმატივი). საქართველოში ერთიანი სამშენებლო ნორმები 90-იან წლებიდან მოყოლებული არ არსებობდა. მოქმედებდა 37 ქვეყნის სტანდარტი. ახლად მიღებული ნორმები კი, სამშენებლო და საპროექტო საქმიანობაში ზღუდავს ესთეტიური შენობისა და კომფორტული გარემოს შექმნის თავისუფლებას. 

მოკლედ, ჯანმრთელი, ესთეტიური, არქიტექტურულად გამართული შენობების მშენებლობის ხელის შემშლელი ფაქტორები, ზემოხსენებულის გარდა, კიდევ მრავლადაა საქართველოში.

ეს სტატია მხოლოდ ზოგადი მონახაზია, იმისათვის, რომ მკითხველი გარკვეულიყო, თუ რა წინააღმდეგობებს აწყდებიან არქიტექტორები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.

თქვენს კითხვაზე კი, თუ როგორ ავირჩიოთ არქიტექტორი, გიპასუხებთ:

გაეცანით არქიტექტორის ბიოგრაფიას, უმჯობესია CV წაიკითხოთ და იქ აღნიშნული მონაცემები, ასევე პორტფოლიო გადაამოწმოთ გუგლის მეშვეობით. ბოლოს და ბოლოს დაგუგლეთ გვარი და სახელი. გუგლი ხომ ყველაფერს იმახსოვრებს... სპეციალისტის გამოცდილებაც თქვენთვის ნაწილობრივ ცნობილი გახდება (ასეთი ქმედება დაგიცავთ იმ თვითგამოცხადებულ „არქიტექტორებისა და დიზაინერებისგან“, რომელთაც მხოლოდ კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და საკუთარი ბინის რემონტის გამოცდილება ჰგონიათ არქიტექტურა).

არქიტექტურულ ფაკულტეტებზე 6 წლიანი სწავლება, პროფესიის შეძენა, პირველ რიგში ერგონომიკული აზროვნების ჩამოყალიბებას და პროექტირების მეთოდების, ნორმების, სტანდარტების ცოდნას ნიშნავს. ასე რომ, მიმართეთ პროფესიონალებს.

წინასწარ გაეცანით არქიტექტორის ნამუშევრებს, გაერკვიეთ რამდენად ემთხვევა არქიტექტორის გემოვნება, სტილი თქვენს მიერ წარმოდგენილი სახლის სტილს.

და ბოლოს, აუცილებელი ფაქტორი, ფსიქოლოგიური შეთავსება. ცნობილია, რომ პირველი შთაბეჭდილება ბევრს ნიშნავს. გაიცანით არქიტექტორი, გაისაუბრეთ. დიდი მნიშვნელობა აქვს ხასიათის, გემოვნების და ასაკის შეთავსებულობას.

დაიმახსოვრეთ, პროექტის დამკვეთიც შეფასების ობიექტია არქიტექტორის მხრიდან. არქიტექტორიც, ისევე როგორც თქვენ, იტოვებს უფლებას აირჩიოს კორექტული დამკვეთი.

დამკვეთისგან კი, 2 ძირითადი პირობაა შესასრულებელი:

პირველი - იყავით მაქსიმალურად გახსნილი არქიტექტორის მიმართ. გახსოვდეთ, სულ 3 პროფესიაა მსოფლიოში, რომლის წარმომადგენლებთანაც მაქსიმალურად გულწრფელნი უნდა იყოთ. ეს პროფესიებია: ექიმი, ადვოკატი და არქიტექტორ-დიზაინერი. პროფესიონალებთან თქვენი კონსტრუქციული დიალოგი, თქვენი მიზნების წარმატებით განხორციელების საფუძველია.

მეორე - გახსოვდეთ, პროექტირება ცოდნის გარდა, მატერიალურ რესურსებსა და დიდი დროის დანახარჯებს მოითხოვს, ამიტომ პროექტირების ღირებულების გადახდა დროულად მოახდინეთ. პროფესიონალმა შეიძლება თქვენთვის მცირე ჩანახატის გაკეთებისთვის, ფიქრს მოანდომოს რამდენიმე დღე, თუმცა თქვენამდე მხოლოდ ფურცელზე პატარა ჩანახატი მოვიდეს. პროექტირების პირველ ეტაპზე, პროექტის კონცეფციის დონეზე, მთავარია ფიქრი და პროფესიონალის აზროვნება, რომელსაც უნდა მიუხვდეთ და დააფასოთ. დიდ მასალას კი პროექტირების ალბომს, მრავალი ნახაზების თანხლებით, სამუშაოს დამთავრების შემდეგ მიიღებთ. მთავარი შეთანხმებაა თქვენსა და არქიტექტორს შორის, მთავარი აზროვნება და გამოცდილებაზე, ცოდნაზე დაფუძნებული საუკეთესო ვარიანტის შერჩევაა. პროფესიონალისთვის კი თქვენს მიერ ანაზღაურება უნდა მოხდეს ხელშეკრულებით გაწერილი ვადების მიხედვით. მის მიერ თქვენთვის დახარჯული დრო და გაწეული რთული, შრომატევადი სამუშაო ღირსეულ დაფასებას იმსახურებს.