რა არის დეკორირება


18 Mar
18Mar

დეკორირება - თითქოს და ნაცნობი ტერმინია, მაგრამ ვინც კი მისით ინტერესდება, ხშირად აღმოაჩენს, რომ თურმე ბევრი რამ არ სცოდნია ამის შესახებ... და იწყება კითხვები, ძიებები... იმისათვის, რომ უკეთ გავარკვიოთ მკითხველი, მოკლედ შევეცდები პატარა ექსკურსი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით.

სიტყვა „decoro“ ლათინური წარმოშობისაა და „მორთვას“ ნიშნავს. თანამედროვე გაგებით ინტერიერის დეკორირებაში იგულისხმება სხვადასხვა საშუალებებითა და მეთოდებით ინტერიერში ისეთი  ესთეტიურ-ფუნქციური  კომპოზიციის შექმნა, რომელშიც ყველა ელემენტი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, ასევე ინტერიერს.    

ხშირად გვეკითხებიან განსხვავებას „დეკორირებასა“ და „დეკორს“ შორის. დეკორირება ინტერიერის მორთვის პროცესია, დეკორი კი ის მასალა, ანუ ნივთები, ელემენტები, რომლის საშუალებითაც ხდება დეკორირება, ანუ ინტერიერის მორთვა.

დეკორირება შეიძლება იყოს როგორც მთლიანი ინტერიერის, ასევე მისი ცალკეული ელემენტების: კედლის, ჭერის, იატაკის, ტექსტილის, ან ავეჯის...

ინტერიერის დეკორირება

დეკორირების ელემენტები შესაძლებელია იყოს, როგორც მობილური, ასევე სტატიკური - მაგალითად, კედლისა და ჭერის კლასიკური ორნამენტები: როზეტები, პლინტუსები, კარნიზები, კრონშტეინები, პილასტრები, მოლდინგები, გირლანდები, კოლონები, ნიშები და ა.შ. მათ ზოგჯერ პასიურ დეკორსაც უწოდებენ.  ისინი უფრო გასულ დროში გამოიყენებოდა ისეთი სტილების შესაქმნელად, როგორიცაა: კლასიკა, მოდერნი, ბაროკო, როკოკო, ამპირი და ა.შ. ამ ელემენტების მასალად იყენებდნენ: თაბაშირს, ხეს, ლითონს. ამჟამად ეს ელემენტები მსუბუქი პოლიურეტანისაგან მზადდება და მეტად იოლია მონტაჟისათვის. 

დღეს-დღეობით დეკორირებაში ხშირად გულისხმობენ მობილური მასალებით, ანუ აქტიური დეკორით ინტერიერის მორთვას, ანუ სანათების ნაირსახეობას, ტექსტილს, დეკორატიულ ელემენტებს, სურათებს, თაროებს, ყვავილებს და ა.შ. ასეთი ნივთები ხომ სახლში უამრავი გვაქვს... დეკორირება ყველაზე უმნიშვნელო ნივთსაც კი ადგილს უჩენს, ანუ ადვილად მოსაძებნს ხდის, ფუნქციას შესძენს და ხშირად ესთეტიურ ხასიათს ანიჭებს.

პროფესიული დეკორირების აზრი შემდგომში მდგომარეობს: ნივთების ფუნქციური განთავსება და გამოყენებადობა; ესთეტიური ხასიათი-სტილის შექმნა; ინტერიერისათვის განსაკუთრებული შარმის მინიჭება-მფლობელის ინდივიდუალობის გამომჟღავნება. დეკორირებას თავისთავად თერაპიული დანიშნულებაც აქვს, რადგან ადამიანი ბუნებრივად კარგად გრძნობს თავს მოწესრიგებულ გარემოში, ესტეთიურ გარემოში, სადაც ლამაზი ნივთები მის ხასიათს ამაღლებენ და ჯანმრთელობას აუმჯობესებენ.

დეკორირების პროცესი იწყება მაშინ, როცა ბოლომდე დამთავრებულია რემონტი. ავეჯი შესაძლებელია შეიძინოთ დამოუკიდებლად, ან დეკორატორის, დიზაინერის დახმარებით. ამის შემდეგ იწყება დეკორირების საინტერესო პროცესი.

ხშირად გვეკითხებიან: დეკორირებას დიზაინერი აკეთებს, თუ დეკორატორი? გპასუხობთ, რომ ყველა საქმის სპეციალისტი, მცირე სპექტრს მოიცავს მისი საქმიანობა, თუ ფართოს, ერთნაირად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მაგრამ, თუ ამ სფეროში იერარქიულ საფეხურებს განვიხილავთ, ანუ ფართო სპეციალობიდან სპეციალიზაციებამდე ჩავალთ, მაშინ ასეთ სურათს მივიღბთ: არქიტექტორი - დიზაინერი - დეკორატორი - ტექსტილის, ავეჯის და სხვა სპეციალისტები.

გასულ საუკუნეებში არქიტექტორი არა მარტო შენობას აპროექტებდა, არამედ ის ავეჯის და საერთოდ ინტერიერის სტილს ქმნიდა მთლიანად. ჩვენს დროში, როცა წარმოების განვითარებასთან ერთად უამრავი მასალები და შესაძლებლობები წარმოიშვა, გაჩნდა ისეთი სპეციალობა, როგორიც დიზაინერია უამრავი მიმართულებებით, მათ შორის ერთ-ერთი დეკორატორია, რომელსაც ასევე სხვადასხვა მიმართულებები აქვს. მაგალათად, ქორწინების დეკორატორი, ტკბილეულის დეკორატორი, საზეიმო სუფრების დეკორატორი და ა. შ.

თქვენს კითხვაზე პირდაპირი პასუხი კი ასეთია: დეკორირება დიზაინერმაც შესაძლებელია შეასრულოს, არქიტექტორმაც, და სხვა გამომსახველობითი ხელოვნების წარმომადგენლებმაც, ასევე თქვენ თვითონაც შესაძლებელია შეასრულოთ, თუ გაქვთ დრო და გემოვნება. მაგრამ, თუ მაღალ დონეს ითხოვთ, უმჯობესია ეს საქმე უშუალოდ ამ საქმის სპეციალისტს - დეკორატორს მიანდოთ.


არქიტექტორი - ქეთევან სოლომონიშვილი.