ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი! რატომ არ არის რეკომენდირებული ტიპიური პროექტით აშენება?


11 May
11May

ავტორი - ქეთევან სოლომონიშვილი


ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის შესახებ, ალბათ, მრავალი რამ წაგიკითხავთ... საინფორმაციო საშუალებებსაც რომ თავი დავანებოთ, კერძო სახლის დადებითი და უარყოფითი მხარეები ბევრმა საკუთარი გამოცდილებიდანაც ბრწყინვალედ იცის, რადგან მრავალი ჩვენგანი ბავშვობიდან მამა-პაპათაგან დატოვებული ქალაქის, ან სოფლის კერძო სახლში იზრდებოდა. ზოგმაც თვითონ შეძლო თანამედროვე პირობებში საკუთარი სახლის აშენება. ამ ყველაფრის მიუხედავად, როცა საქმე ახალი სახლის დაპროექტებას ეხება, დიდ საგონებელში ვარდებით, რადგან არ ვიცით საიდან დავიწყოთ. მე შევეცდები ამ ბლოგით მკითხველი გავარკვიო აქტუალურ საკითხებში. სანამ სათაურში დასმულ კითხვას ვუპასუხებ, პატარა შესავალი მჭირდება.

იმისთვის, რომ კერძო სახლის დადებითი მხარეები სრულად შეიგრძნო, აუცილებელია შესადარებლად ხმაურიანი ქალაქის კორპუსში ცხოვრობდე... თუმცა, რა თქმა უნდა, ქალაქს ცათამბჯენებითა და აქტიური ცხოვრებით თავისი შარმი აქვს. განსაკუთრებით, ის ახალგაზრდობის ასაკში გვიზიდავს, მაშინ როცა ენერგიულები ვართ, როცა ცხოვრების ტემპი გვაჯადოვებს, როცა ოცნებებით ცასთან სიახლოვე გვინდა... სწორედ ამიტომაც უპირატესობას ცათამბჯენების პენტჰაუსებს ვანიჭებთ. აი, უკვე ცხოვრების მეორე ნახევარში, გული რატომღაც მიწასთან ახლოს მყოფ ინდივიდუალურ სახლისკენ მიგვიწევს. გვინდა საკუთარი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მივირთვათ და ყვავილები ვზარდოთ...

ტიპიური სახლიადამიანთა უმრავლესობისთვის კერძო სახლის აშენება სანუკვარი ოცნებაა. 

საქართველოში წინაპართაგან გადმოცემულ სიბრძნესაც, ჩემებური ინტერპრეტაციით, შეგახსენებთ: „კაცმა სამი რამ უნდა შეძლოს ცხოვრების მანძილზე: პირველი - დარგოს ხე! მეორე - გააჩინოს შვილი! მესამე - ააშენოს სახლი! “


სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ინდივიდუალური სახლის აშენების სურვილი ადამიანთა უმრავლესობას 40 წლის ზემოთ უჩნდება. თანამედროვე დაბინძურებული ქალაქების გამო, ქალაქგარეთ საცხოვრებლად გადასული მოსახლეობის რიცხვი საგრძნობლად იმატებს. თუმცა, ამ სახლებს უმთავრესად სააგარაკედ იყენებენ, რადგან ქალაქის დადებით მხარეებს ბოლომდე ვერ ელევიან.

ტიპიური სახლიდღეს მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქალაქში ცხოვრობს. ურბანიზაციის საკითხებით დაინტერესებული მკვლევარები გვეუბნებიან, რომ ქალაქების მოსახლეობის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება მსოფლიოში, რადგან ადამიანი სოციალური არსებაა და მჭიდრო დასახლებები, მეგაპოლისები იზიდავს. ქალაქში ცხოვრების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სამუშაოს პოვნაა, შემდეგ თეატრები, კინოთეატრები, კონცერტები, სასწავლებლები და განვითარება-გართობის ათასი საშუალებები... ამიტომაცაა, რომ ბევრი მამა-პაპისეულ საყვარელ სახლზე სოფლად უარს ამბობს და ქალაქში გადმოდის საცხოვრებლად. მეგაპოლისებში ადამიანთა რიცხვი იზრდება და დღესდღეობით მსოფლიოში ვიღებთ აგლომერაციებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 30 მილიონს აჭარბებს.

თანამედროვე მსოფლიოს ურბანულ პრობლემებზე ამ სტატიაში არ ვისაუბრებ, რადგან ეს სტატია ბლოგს წარმოადგენს ფართო მკითხველისთვის და არა სამეცნიერო ნაშრომს, პროფესიონალთათვის განკუთვნილს. 

ჩემი ბლოგების დანიშნულებაა არქიტექტურულ, თუ დიზაინერულ საკითხებში ფართო მკითხველის გარკვევა, მათი ცნობიერების ამაღლება!!! 


როგორც ზევით აღვნიშნე, მიუხედავად ქალაქში მაცხოვრებელთა რიცხვის ზრდისა, მეორადი საცხოვრებლის, ანუ ქალაქგარეთ სახლის მსურველთა რაოდენობაც დღითიდღე იზრდება. რადგან საკითხი ძალზედ აქტუალურია, გადავწყვიტე მისი გაშუქება საქართველოს რეალობიდან გამომდინარე.

ჩემი, როგორც არქიტექტორის სურვილია დავიცვა საქართველოს ულამაზესი ბუნება ადამიანის უხეში ჩარევისა და დამახინჯებისგან. ასევე მინდა მომავალი სახლის მეპატრონე დავიცვა შეცდომებისგან.

არქიტექტორებს პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არქიტექტორსა და დამკვეთს შორის, ჩვენს ქვეყანაში, დიდი ნაპრალია გაჩენილი, რაც გულისხმობს ამ ორ სუბიექტს შორის გაუგებარ, „სხვადასხვა ენაზე“ საუბარს. სანამ სამუშაოს დავიწყებთ, ჩვენ არქიტექტორები ვცდილობთ დამკვეთი გავარკვიოთ არქიტექტურის ზოგად საკითხებში, ვხარჯავთ დროსა და ენერგიას, მაგრამ ხშირად შედეგს ვერ ვაღწევთ... დამკვეთს ან თავის „რელსებზე“ გადავყავართ და საბოლოოდ, მისთვის მისაღებ, არქიტექტურის თვალსაზრისით კი ბანალურ, ერთფეროვან სახლს გვაპროექტებინებს, ან ხდება ისე, რომ დასაწყისშივე არჩევანს ეგრეთ წოდებულ „მარტივ არქიტექტორებზე“ აკეთებს. ამ სფეროში დაბალი ცნობიერების გამო, დამკვეთი ვერ ხვდება, რომ პროფესიონალთან აქვს საქმე და გარბის მარტივად საურთიერთობო გაურკვეველი განათლებისა და გამოცდილების „არქიტექტორთან“, უმეტესწილად მისთვის დაბალი ანაზღაურების გამო, ასევე სწრაფი შესრულებისა და მერიაში პროექტის შეთანხმების ხრიკების ცოდნის გამო. საკითხში მოუმზადებელი დამკვეთი ასეთ „ვაი არქიტექტორთან“ თავს კომფორტულად გრძნობს და ფიქრობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ბიუჯეტიც დაზოგა და სახლის აშენების ნებართვაც აიღო. პრობლემები კი მოგვიანებით იწყება...

კმაყოფილების ეიფორიის კლება დამკვეთს უკვე მშენებლობის პროცესშივე ეტყობა, რადგან პროექტის გადაკეთება უწევს არასწორად გათვლილი კონსტრუქციების გამო.  ქაღალდზე ადრე მოწონებული არქიტექტურაც აღარ აკმაყოფილებს, რადგან აშენებული ისე არ გამოიყურება, როგორიც წარმოედგინა და ა. შ.

სწრაფად დაპროექტებული სახლი, ყოველგვარ კვლევებსა და არქიტექტურას მოკლებული, საბოლოოდ იწვევს დამკვეთის უკმაყოფილების გრძნობას. დროთა განმავლობაში დამკვეთი ხვდება, რომ პროექტირებაზე დაზოგილი თანხები, მშენებლობის პროცესში გამოვლინდა, რაც საბოლოოდ გადაკეთებისას დიდ დანახარჯებზე აისახა, ასევე მერიასთან პროექტის ცვლილებების შეთანხმების გამო, მშენებლობის დროც გაეწელა. რაც შეეხება თვითონ სახლს, მისი შიდა სივრცე, მოუხერხებელი აღმოჩნდა საცხოვრებლად, ხოლო სახლის ფასადები და არქიტექტურა, უკვე მშენებლობის პროცესშივე მოძველდა. შეიძლება ამას ვერც მიმხვდარიყო სახლის პატრონი, რომ არა, მის სიახლოვეს აშენებული გამართული არქიტექტურის მეზობლის სახლი...  თუ როგორ უნდა ავარჩიოთ არქიტექტორი, ამის შესახებ წინა ბლოგში გესაუბრეთ. 


ტიპიური სახლიყოველივე ზემოთ თქმული ამ ბლოგის პრეამბულა იყო. საცხოვრებელ სახლებზე კიდევ ხშირად ვისაუბრებ, ეს ამოუწურავი თემაა. ამჯერად კი მინდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გესაუბროთ. გიპასუხებთ, თუ რატომ არ არის სასურველი ავაშენოთ ტიპიური პროექტით ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, მაშინ როცა ასეთი პროექტების არჩევანი მრავლადაა ინტერნეტში.

პირველ რიგში მომიწევს განვმარტო, თუ რა არის ტიპიური სახლი (მცოდნეებმა მომიტევეთ, მერწმუნეთ, ბევრმა არ იცის). ტიპიური სახლი არის სახლი, რომელიც მეორდება, ანუ ასეთი პროექტი მრავალჯერადად გამოიყენება და შენდება. ყოფილ საბჭოთა კავშირში ეკონომიის, იდეოლოგიისა და საცხოვრებლის დეფიციტის აღმოფხვრის გამო, ასეთი პროექტებით მშენებლობები მიმდინარეობდა მასიურად, რის მერეც მივიღეთ უსახური არქიტექტურა, დამახინჯებული ქალაქები და მისი შემოგარენი. თუმცა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ შემოთავეზებული ტიპიური სახლები ბევრად უკეთესი არქიტექტურისაა, მაგრამ მის გამოყენებას მაინც არ გირჩევთ შემდეგი მიზეზების გამო...

         

მაშ ასე, სამი მიზეზი, თუ რატომ არ ვაშენებთ ტიპიური პროექტით!

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლიპირველი - ისევე როგორც არსებობს გამოთქმა პერსონალური კომპიუტერი, პირადი მანქანა, თქვენი პირადი ტანსაცმელი და ნივთები, რომლის მიმართაც მოთხოვნა გაქვთ, რომ იყოს გამორჩეული და დახვეწილი, განსხვავებული და რესპექტაბელური, სახლის მიმართ იგივე დამოკიდებულება რატომ არ უნდა გიჩნდებოდეთ? - მაშინ, როდესაც ეს ყველაზე ძვირიანი შენაძენია და როგორც ქართველები ვიტყვით „საშვილიშვილო საქმე“. 

დასახელება „ინდივიდუალური საცხოვრებელი“, ისევე როგორც „პერსონალური კომპიუტერი“, მხოლოდ პიროვნებისა და მისი ოჯახის კუთვნილებაზე მიუთითებს. თქვენი ოჯახის წევრთა ჰობი, მოთხოვნები განსაკუთრებული და განუმეორებელია. ამიტომ, ზუსტად თქვენზე მორგებულ სახლს, სადაც გეგმარებაც დაგაკმაყოფილებთ და ფასადების სილამაზეც, რთულად იპოვით ტიპიურ სახლებს შორის ინტერნეტში. თქვენმა სახლმა თქვენ უნდა გამოგარჩიოთ სხვებისაგან, ამიტომაა ის ინდივიდუალური, განსაკუთრებული, პირადად თქვენს ოჯახზე, მსომხედველობაზე და სტატუსზე მორგებული. თქვენი ინდივიდუალობა, არქიტექტორის მიერ შენობაში ასახული და დახვეწილი, გამოგარჩევთ სხვათაგან. ამის საშუალებას კი, ტიპიური სახლი არ გაძლევთ.


მეორე - ხშირად არის შემთხვევა, რომ ირჩევენ ინტერნეტში ტიპიურ სახლს და არქიტექტორთან მიაქვთ, ვითომ მცირედი ცვლილებების შესატანად. ამ დროს დამკვეთი ფიქრობს, რომ პროექტი უკვე აქვს და ეს მცირედი ცვლილებები მხოლოდ არქიტექტორისთვის მცირედი ანაზღაურებით უნდა შემოიფარგლოს. დამკვეთი ვერ ხვდება, რომ საკითხის არ ცოდნის გამო ინტელექტუალურ პროფესიონალს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს და ნამდვილი პროფესიონალი ამ წინადადებაზე არასოდეს დაგთანხმდებათ.

სულაც რომ არაფრის ცვლილება არ გინდოდეთ ტიპიურ პროექტში, ყველაფერი რომ თქვენს გემოვნებას იყოს მორგებული, ინტერნეტიდან აღებული ტიპიური სახლის ზოგჯერ PDF ფაილი მოითხოვს სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში გამოხაზვას, კონსტრუქციული ნაწილის მომზადებას, ანუ კონსტრუქტორთან მუშაობას და მის ანაზღაურებას, ასევე მასალების სპეციფიკაციას, ფართობების დათვლას, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტს, ნაკვეთზე მიბმას და მრავალ სხვა ნახაზებსა, თუ მერიისათვის ასატვირთ, დასამტკიცებლად მოსამზადებელ გამოთვლებს, ნახაზებსა და ფაილებს. ტიპიური სახლის მორგება ნაკვეთზე ყოველთვის შესაძლებელი არ არის ჩვენი საპროექტო კანონმდებლობის თანახმად. ასე, რომ არქიტექტორის კონსულტაციებისა და გათვლების გარეშე, ტიპიურ სახლს არსებული ნაკვეთისთვის მაინც ვერ შეარჩევთ. ამ გათვლების გაკეთებას კი ნახაზების გამოხაზვა და ფართობების დათვლა სჭირდება, რაც შრომატევადი სამუშაოა და ჩვეულებრივად პროექტის გადაკეთებისა და შეთანხმების ეტაპებს მოიცავს.  გადაკეთებულ პროექტს კი არქიტექტურის თვალსაზრისით სიკეთე ნაკლებად მოაქვს, არქიტექტორისთვის კი ასეთი სამუშაო დამთრგუნველია.

ასე რომ, თუ თქვენ ტიპიური სახლი მერიისაგან, ან ინტერნეტიდან უფასოდ აიღეთ, ან იყიდეთ მინიმალურ ფასად, იცოდეთ, რომ ეს შენაძენი შეგიძლიათ განიხილოთ როგორც თქვენი საპროექტო დავალება, მიცემული არქიტექტორისთვის; ანუ ეს ტიპიური პროექტი თქვენი სურვილების ნაწილობრივი გამოხატვაა, რომელზე დაყრდნობითაც არქიტექტორმა ახალი პროექტით ინდივიდუალური საცხოვრებელი უნდა დაგიპროექტოთ, რის გამოც პროექტის ღირებულება მთლიანად უნდა აუნაზღაუროთ ისევე, როგორც ჩვეულებრივად, ინდივიდუალური სახლის პროექტირების დროს.

ტიპიური პროექტის ქონა თქვენ მხოლოდ გიმარტივებთ არქიტექტორთან მუშაობის დაწყებას და დავალების მიცემას, ახსნას, თუ რა გსურთ, როგორი ოთახების განლაგება, როგორი სტილი და მოსაპირკეთებელი მასალა. სწორედ ამ დავალების საფუძველზე იდება ხელშეკრულება, განისაზღვრება პროექტის ღირებულება და ვადები. კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის წინასწარ ჩარიცხვის შემდეგ, არქიტექტორი იწყებს თქვენს სახლზე მუშაობას, რაც გულისხმობს სახლის პროექტს, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს თქვენი გემოვნება, მოთხოვნები და ფინანსური შესაძლებლობები, ასევე მიუსადაგოს ნაკვეთს და რაც  მთავარია - დააკმაყოფილოს კანონმდებლობისა და მერიის არქ. სამსახურის მოთხოვნები. მშენებლობის ნებართვის აღება, მერწმუნეთ, იოლი საქმე არ არის...  


მესამე - იცოდეთ, რომ თქვენი ნაკვეთი უნიკალურ ადგილას მდებარეობს, ანუ დედამიწის ზურგზე სხვა ასეთი ნაკვეთი თავისი სამეზობლოთი, ბუნებით, რელიეფით, ინფრასტრუქტურით, არ არსებობს. შესაძლებელია, ნაკვეთებს შორის მსგავსება იყოს, მაგრამ ზუსტი კოპიის მონახვა, შეუძლებელია.


ამ შემთხვევაში სახლის სტილის შესარჩევად ორი სახის მიდგომა არსებობს.  

პირვველი - ის შემთხვევაა, როცა სახლის აშენება უნიკალურ ბუნებაში გინდათ. მაშინ არქიტექტორს შემოქმედებითი მიდგომისა და ფრთების გაშლის საშუალება ეძლევა. რა თქმა უნდა, თუ თქვენი გემოვნებაც და ბიუჯეტიც თანხვედრაში მოვა არქიტექტორის ჩანაფიქრთან. ასეთი ტანდემის დროს დიდი შანსია მართლაც უნიკალური შენობა მიიღოთ, რომლის ფასიც მომავალში სულ უფრო გაიზრდება. ნამდვილი არქიტექტორი თავისი ნიჭიერებით დამკვეთის ქონებას აათმაგებს.

ასეთი უნიკალური ადგილის ფლობის შემთხვევაში, ტიპიური პროექტის გამოყენებაზე საუბარი, მოკლედ რომ ვთქვათ, მავნებლობა და გაუნათლებლობაა, რადგან ყველა უნიკალურ ადგილს თავისი ერთადერთი უნიკალური შენობა აქვს! 

 

მეორე არქიტექტურული ხედვა კი მაშინ წარმოიშვება, როცა განაშენიანების ერთიანი გეგმა უკვე არსებობს და თქვენი ნაკვეთი სამეზობლო ნაკვეთებითაა გარშემორტყმული. ამ შემთხვევაში განაშენიანების სტილისტიკა უნდა იქნას აუცილებლად დაცული. ტიპიური პროექტით, ზემონახსენები მიზეზების გამო, აქაც ვერ ააშენებთ, მაგრამ, საერთო სტილისტიკის გათვალისწინებით, შეგიძლიათ ადგილისა და საერთო სტილის შესაფერი პროექტი ამოარჩიოთ ინტერნეტსა, თუ მერიის საიტზე წარმოდგენილ უფასო ტიპიური პროექტების ნუსხაში და როგორც ზემოთ აღვნიშნე, არქიტექტორს მიუტანოთ საპროექტო დავალების სწორად მისაცემად. ეს გაგიადვილებთ თქვენც და არქიტექტორსაც შემდგომ კომუნიკაციას.

 

და ბოლოს, გირჩევთ იყავით განუმეორებელნი, რადგან სილამაზე თქვენს ინდივიდუალურობაშია!!! ტიპიური პროექტების, ტრივიალური, ბანალური, ერთფეროვნების დრო წავიდა! 

პოზიტიური შინაარსის მატარებელი არქიტექტურა და პიროვნებები გვჭირდება!